X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

"ბოლო 7 თვის განმავლობაში მაგისტრალური გზების განვითარების 6 მნიშვნელოვანი პროექტის წარმატება აღვნიშნეთ"

23 ოქტომბერი 2024

"ბოლო 7 თვის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების განვითარების 6 წარმატება და 6 მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება თუ გარდამტეხი ეტაპის გადალახვა აღვნიშნეთ. გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა, გაიჭრა საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი. კახეთის რეგიონში გაიხსნა წნორის შემოვლითი 18 კმ-იანი მაგისტრალური და თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზა, ასევე, გაიხსნა ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა, რიკოთის მონაკვეთზე კი, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს ახალი გზის 48 კმ-ით. რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა და საერთო ჯამში, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით, რომელიც 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს. კერძოდ კი, რიკოთის მონაკვეთის გავლას მხოლოდ 35 წუთი დასჭირდება. დასკვნით ეტაპზეა ფერდების სტაბილიზაციის სამუშაოები, მათ შორის, 149-ე კმ-ზე მდებარე გამომწვევ ფერდზე, სადაც უდიდესი მასშტაბის სამუშაოები ახლაც გრძელდება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება გზის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება გზის ვაკისის მოწყობა და კლიმატური პირობების შესაბამისად, ყველა ტექნოლოგიური პარამეტრისა და მოთხოვნის აუცილებელი დაცვით, დაიგება გზის საფარი. გზის ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ კი, დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია. საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი 48 კმ-ით უკვე ვსარგებლობთ რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია. კვლევების შესაბამისად, რიკოთის მონაკვეთი აღიარებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის, იგივე შუა დერეფნის, ყველაზე გამომწვევ მონაკვეთად და მხოლოდ ახალი, თანამედროვე სტანდარტის მაგისტრალური გზის მშენებლობა შეძლებდა აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ყველა გამოწვევის გადაჭრას. საინჟინრო-გეოლოგიური და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, პროექტი უპრეცენდენტოა საქართველოს საგზაო მშენებლობის ისტორიაში და ამ ფაქტს ციფრები კიდევ უფრო ამყარებს - ჯამურად, რიკოთზე ორივე მიმართულებით აშენებული გვირაბების სიგრძე - 36 კმ, ხოლო ხიდების სიგრძე - 21.4 კმ. იქნება. მშენებლობაში დაგეგმვის ეტაპიდან დაწყებული, პროექტირების, მშენებლობისა და ზედამხედველობის ეტაპზე 400-მდე ქართველი და არაერთი სხვა საერთაშორისო სპეციალისტი იყო ჩართული. პროექტში მონაწილეობდნენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები - ინჟინერები, გეოლოგები, გეოტექნიკოსები, გარემოს დაცვის, ხარისხის, საგზაო და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაში, დაგეგმვის ეტაპიდან ჩართული არიან ჩვენი ერთგული განვითარების პარტნიორები - ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. მხოლოდ ასეთი მაღალი ჩართულობით იყო შესაძლებელი ამ მასშტაბის პროექტის და გამოწვევის დაძლევა და ამდენი ადამიანის შრომის შედეგია ის, რომ საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტი უკვე ისარგებლებს რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით, რაც შეეხება სამუშაოებს, მათი პროგრესი 98%-ია,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.